V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის ემზადება. წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარეობს. სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებული 6-თვიანი სწავლებები ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადებით იწყება და, ეტაპობრივად, ჯერ ათეულის, შემდეგ ოცეულის, ასეულის და ბოლოს ბატალიონის შემადგენლობით განხორციელებული წვრთნებით სრულდება.
52-ე ბატალიონის სამხედროები ამჯერად ათეულის დონის სწავლებას გადიან. წვრთნების დროს სამხედროები ბაზის დაცვის, პატრულირების და კონტაქტზე რეაგირების ელემენტებს შეისწავლიან. პარალელურად მიმდინარეობს სპეციალიზაციით მომზადების პროგრამებიც. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ. წვრთნების მიმდინარეობას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები აკვირდებიან.
52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ინდივიდუალური მომზადების პროგრამა უკვე გაიარეს, რა დროსაც საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება ინდივიდუალურად შეისწავლეს, შეითვისეს სამხედრო ტოპოგრაფია, სწრაფი და მუდმივი საგუშაგოების მოწყობა და ჩხრეკის პრინციპები.
6-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ქართველი ჯარისკაცების მომზადების ხარისხი შეფასდება. ქვედანაყოფი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართვამდე, დასკვნითი სწავლებისთვის, გერმანიაში გაიგზავნება.