თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანს“ და მცხეთაში დოსლოცირებულ I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ნაწილს ესტუმრა და სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაული პირადად მიულოცა.
„ყველას მინდა მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩვენი მფარველი წმინდანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს როგორ შევხვდებით. აუცილებელია გაგვახსენდეს ის ხალხი, რომელიც დღეს არ ისვენებს, შრომობს ჩვენი სიმშვიდისთვის, იმისთვის რომ წყნარად ვიყოთ სახლში. ამიტომ მოვედი დღეს მცხეთაში და მუხროვანში, რომ მიმელოცა ჩვენი ნაწილებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და გვეთქვა მათთვის, რომ ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან და ჩვენ ისინი გვახსოვს ჭირშიც და ლხინშიც. გვინდოდა მათთან ერთად გაგვეზიარებინა ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანში“ გეგმიურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო და სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას გაესაუბრა.
სამხედრო ნაწილებში სტუმრობისას მინისტრის მოადგილემ სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანისა“ და I ქვეითი ბრიგადის მცხეთის ბაზა დაათვალიერა. გაეცნო ინფრასტრუქტურას და სამხედროებთან ერთად ისადილა.