თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლის სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
„სერჟანტების ეფექტიან მოქმედებაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ამოცანის წარმატებით შესრულება. მიხარია, რომ სერჟანტთა მომზადების სკოლამ გაამართლა. შეიძლება უკვე თავისუფლად ითქვას, იმ პროგრამებმა, იმ ახალმა მიდგომამ, რომელიც დამკვიდრებულია ამ სკოლაში, საშუალება მოგვცა, რომ მოვამზადოთ თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სერჟანტი“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
სამეთაურო-საშტაბო კურსი 17 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნები ორ ფაზად განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეების მომზადება პირველ ეტაპზე, ძირითადად, ტაქტიკის საფუძვლებისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს მოიცავდა. მომდევნო ეტაპზე სერჟანტებმა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება შეისწავლეს. კურსის განმავლობაში მსმენელებმა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. კურსის განმავლობაში განხორციელდა სპეციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, სადაც სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს ეწვივნენ. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და სამსახურს გააგრძელებენ.