საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცებაა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ. ნოემბრის განმავლობაში თბილისის, გორის, ქარელის, კასპის, სენაკის, ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სკოლების ბავშვებისთვის ღია კარის დღეები ვაზიანის IV მექანიზირებულ, გორში V ქვეით და სენაკის II ქვეით ბრიგადებში მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგაზრდებს ბრიგადების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, სამხედრო ნაწილების ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის სამხედრო ნაწილებში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოეწყო. ბაზებზე სტუმრობა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.
საქართველოს მასშტაბით სამხედრო ქვედანაყოფებში სკოლის მოსწავლეების სტუმრობა მომავალშიც იგეგმება.