ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ფორუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის ერთ-ერთი თემატური სემინარი რეგიონული ტერორიზმისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. პანელზე მომხსენებლებს შორის იყო დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი. მან რეგიონში არსებული ტერორისტული დაჯგუფებებისა და მათი მოქმედების ტაქტიკაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რისკებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ელემენტებზე და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე გაამახვილა ყურადღება. დასავლეთ სარდალმა ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილიც აღნიშნა.
საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.