კახეთში, სასტუმრო „ლოპოტა რეზორტში“ გენდერის თემაზე ტრენინგი იმართება. „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“, - ასე ჰქვია თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით „გაეროს ქალთა ორგანიზაციისა“ და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.
ტრენინგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამხედრო პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ორდღიანი სესიის განმავლობაში ისეთი თემები განიხილება, როგორიცაა: გენდერის არსი, გენდერული თანასწორობა, სტერეოტიპები, შრომითი ბაზრის გენდერული ასპექტები, გენდერი სოციალურ, პოლიტიკურ და ისტორიულ ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა მონაწილეობას სამხედრო და სამშვიდობო პროცესებში, გაეროს რეზოლუციებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ და მათ შესრულებას ეროვნულ დონეზე.
მონაწილეები გაეცნობიან თავდაცვის სამინისტროს გენდერულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
ტრენინგის მეორე დღე გენდერულ საჩივრებს, მის არსს, რეაგირების მექანიზმებს და შედეგების მონიტორინგს დაეთმობა. სესიას უცხოელი ექსპერტები, შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა და ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გაუძღვებიან.
სემინარი პროექტის - „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში იმართება.