მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების სახელზე ხეები დარგეს. ორხევის ბაზის ტერიტორიაზე სამხედროებთან ერთად კიპარისის ნერგები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დარგო. გამწვანების აქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა. ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს საჩუქრად 50 ნერგი გადასცეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, გარემო გვქონდეს ჯანსაღი და ისეთი, როგორიც არის დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ამისთვის ჩვენ ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა ვიზრუნოთ და გავაუმჯობესოთ ის სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რაც მეტი ხე იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ჰაერის ხარისხი და ჩვენი მომავალი თაობა უკეთეს გარემოში იცხოვრებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს: „მოხარულები ვართ, რომ სამხედროებთან ერთად კიდევ ერთი ღონისძიება გავმართეთ. ჩვენ ერთობლივი ძალებით უკვე გავამწვანეთ ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავი მარაბდაში. გამწვანების აქცია ასევე გვქონდა აეროპორტში და ქოშიგორაზე. დღეს კი ამ მოედანზე 50-მდე კიპარისი დაირგო.“
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში აქტიურად მონაწილეობენ გამწვანების აქციებში.