ბერლინში უსაფრთხოების თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო კონგრესზე პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები, მიგრანტთა საკითხები და სირიასა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებული გამოწვევების გასამკლავებლად მრავალმხრივი ჩართულობა და ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ბერლინში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი ბესიკ ლოლაძე იმყოფებოდა. ბესიკ ლოლაძე სიტყვით გამოვიდა პანელში „ჰიბრიდული ომი - მიღებული გამოცდილება“. მინისტრის მოადგილემ ყურადღება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდული ომის ელემენტებზე გაამახვილა. ბესიკ ლოლაძემ აფხაზეთის მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში რუსული ავიაციის, საზღვაო ძალებისა და სამხედრო მრჩევლების ჩართვა, ასევე, დეზინფორმაციის ელემენტები, სწორედ, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო.
„საერთაშორისო თანამეგობრობის სუსტმა რეაქციამ აფხაზეთის ომის დროს რუსეთს მწვანე შუქი აუნთო, რომ გაეგრძელებინა ჰიბრიდული ომის წარმოება. ამან მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რომლის დროსაც ჰიბრიდული ომის ძირითადი გამოხატულება კიბერთავდასხმა იყო,“- განაცხადა ბესიკ ლოლაძემ სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა ერთმანეთს ჰგავს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰიბრიდულ ომთან გამკლავების მიზნით ქართული მხარის მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას ბესიკ ლოლაძემ ნატო-საქართელოს თანამშრომლობაზე და არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს და ქვეყანაში ვითარდება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებული ინსტიტუტები.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევასაც გაუსვა ხაზი და რუსეთის მხრიდან ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებაზე ისაუბრა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს ბესიკ ლოლაძე ვილდფლეკენში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულს მოინახულებს, რომელიც გერმანელ სამხედროებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალურ მომზადებას გადის.