საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და საჯაროობის გაზრდა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, თავდაცვის უწყებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების საიდუმლო შესყიდვების განხორციელების რეფორმა დაიწყო, რომელიც გამჭვირვალობისა და მაღალი კონკურენტუნარიანი, თანაბარი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
დღეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საიდუმლო შესყიდვების რეფორმის შესახებ ინფორმაცია საქართველოში არსებული საიდუმლოებაზე დაშვების მქონე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, საიდუმლო სამშენებლო შესყიდვების ახალი მექანიზმის საშუალებით ყველა დაინტერესებული მხარე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ღია და საჯარო ინფორმაციას მიიღებს და საიდუმლო შესყიდვის კუთხით ყველა კომპანიას თანაბარი შესაძლებლობა ექნება.
დავით ებრალიძემ აქამდე არსებული მექანიზმი ახალ ინიციატივასაც შეადარა და მის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი: „შესაძლოა გამარჯვებული ერთი კომპანია ყოფილიყო და კონტრაქტი მეორესთან დადებულიყო. ეს იყო სრულიად არატრანსპარანტული და არასამართლიანი მექანიზმი. ახლა ჩვენ შევცვალეთ ეს მექანიზმი და საიდუმლო სამშენებლო შესყიდვები ზუსტად იგივე პრინციპით მოხდება, როგორიცაა ღია ტენდერები www.spa.ge-ზე. მოხდება ვაჭრობა და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება კონტრაქტი. ხოლო რაც საიდუმლო დოკუმენტაციაა, ის საიდუმლო კომუნიკაციით მოხდება. საიდუმლოობასაც არავითარი პრობლემა არ ექნება, არ დაირღვევა საიდუმლოობის თემა და ამავდროულად, მთელი ეს პროცესი ძალიან ღია და ტრანსპარანტული იქნება. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი შესყიდვებში.“
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბევრი მათგანი მიესალმა თავდაცვის სამინისტროს ახალ რეფორმას საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით და საკუთარი რეკომენდაციებიც წარმოადგინა.