საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავება და ქართველი სამხედროების საზოგადოებაში ინტეგრირებაა. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პატრონაჟით ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში გარდაბნის რაიონის საფეხბურთო კლუბების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვება საფეხბურთო კლუბმა „გორგასალმა“ მოიპოვა და შესაბამისი ჯილდოც მიიღო.
„სამხედრო მოსამსახურეები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები და მომავალი თაობების შესანიშნავი მაგალითები არიან. ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ სამხედრო ნაწილის მეზობლად და სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი იყოს შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთჩართულობა. მეტი ურთიერთობით უფრო მტკიცედ უნდა მივცეთ მხარი მხარს და გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ თანადგომა,“ – აღნიშნა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენელმა შორენა წიკლაურმა. სპორტული ღონისძიების დასასრულს მან თავდაცვის სამინისტროსა და IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერების ნიშნად თავდაცვის უწყებას სამახსოვრო სიგელი გადასცა.