საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესვერის სტრატეგიისა და სამხედრო ოპერაციების სამსახურის უფროსმა, გენერალმა დიტერ ვარნეკემ მიიღო. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ მონაწილეობაზე. გერმანელმა გენერალმა ქართულ მხარეს მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მაღალი მომზადების დონე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრის ერთ-ერთი თემა გერმანიაში თავდაცვის მინისტრის სამომავლო ვიზიტი იყო, რომელიც 26-27 ნოემბერს იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში ბესიკ ლოლაძე ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვა თემაზე „ჰიბრიდული ომი - მიღებული გამოცდილება“. ვიზიტის დასასრულს დაგეგმილია ვილდფლეკენში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მონახულება, რომელიც გერმანელ სამხედროებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალურ მომზადებას გადის.