ხელჩართულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ კავკასიის პირველობაში ქართველმა სამხედროებმა გამარჯვება მოიპოვეს. შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ხრიდოლის და „MMA“ წესებით გამართულ შერეულ ორთაბრძოლაში, კავკასიის თასის პირველობისთვის ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის და დაღესტნის გუნდებთან ერთად საქართველოს ხუთი კლუბი ასპარეზობდა. მათ შორის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი გუნდი.
ჩემპიონატზე სპორტსმენები ერთმანეთს შვიდ წონით კატეგორიაში შეეჯიბრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა, რომელსაც სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფის ცენტრის სპორტის სამმართველოს ხელჩართული ბრძოლების მთავარი ინსტრუქტორი, ზურა ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდა, სამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი, ერთი მეორე და ორი მესამე ადგილი მოიპოვა. შესაბამისად, ქართველ სამხედროებს გამარჯვებულის ტიტული და ჩემპიონატის თასი ერგოთ.
67 კგ წონით კატეგორიაში პირველობა დაზვერვის ცალკეული ბატალიონის კაპრალმა ბონდო კიკაძემ მოიპოვა; 78 კგ წონით კატეგორიაში - IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალმა გიორგი მახარაშვილმა, 84 კგ წონით კატეგორიაში კი - I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის პირველი კლასის რიგითმა ბესიკ ჩაჩანიძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრები ხელჩართულ ბრძოლაში სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. ქართველი სამხედროები პირველობას არ თმობენ საერთაშორისო ტურნირებზე. ისინი სხვადასხვა წესებით გამართული საერთაშორისო ჩემპიონატების, ასევე, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და ევრაზიის და კავკასიის თასების მფლობელები არიან.