ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ერთთვიანი საველე-ტაქტიკური მეცადინეობა დაასრულა. დასკვნით წვრთნაში 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სიტუაციურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს ჯარისკაცებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან ისროლეს, განხორციელდა ტაქტიკური მარშიც.
სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებას ბატალიონისა და ბრიგადის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა, შეფასდა ამოცანების შესრულების ხარისხი.
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთთვიანი მომზადების ფარგლებში სხვადასხვა მასშტაბის სწავლება გაიარეს. მომზადების პირველი ეტაპი სამხედროებს ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე ჩაუტარდათ. წვრთნების დროს სამხედროებმა საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება, ასევე კავშირგაბმულობა, ტოპოგრაფია და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეისწავლეს. წვრთნების განმავლობაში ბატალიონის წევრებმა 30-კილომეტრიანი მარშიც შესრულდა.
51-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული მეორე ქვედანაყოფია, რომელმაც ასეულის შემადგენლობით აღნიშნული ტიპის სწავლება გაიარა. მომავალში 51-ე ბატალიონის მესამე ასეულის მომზადება იგეგმება. აღნიშნული ბატალიონის პირად შემადგენლობას სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს. ბატალიონი სამშვიდობო მისიას ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, 7 თვის განმავლობაში ასრულებდა.