იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მიკი იამადამ მიიღო. შეხვედრაზე ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს გამოწვევებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს. იაპონელმა დიპლომატმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იაპონია კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებას უჭერს მხარს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მემორანდუმის გაფორმებით ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა, ბუნებრივია, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. იაპონია მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე. საერთაშორისო არენაზე მისი მხარდაჭერა კი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მუდმივად დავტოვოთ დისკუსიის ნაწილად ყველა ფორმატში, სადაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. სწორედ, ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრის ერთ-ერთი თემა. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ქვეყნისთვის სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარებაში იაპონიის მხარდაჭერაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საქართველო-იაპონიას შორის დაწყებული ურთიერთობების დინამიკაზე“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა ვიზიტის ოფიციალური ნაწილის შედეგებიც შეაჯამა. მინისტრმა აღნიშნა, რომ იაპონიას ოპტიმისტურად ტოვებს და იმედოვნებს, რომ წელიწადნახევრის წინ დაწყებულ ურთიერთობებს პოზიტიური განვითარება თავდაცვის სფეროშიც ექნება.