საქართველოს გენერალურ შტაბში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ლიტვის სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“-ში მონაწილეობისთვის გადასცა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის, 9 სამხედრო მოსამსახურე მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდნენ.
„ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ვაჯილდოებთ. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ სწავლებაში, რომელიც პირველად გაიმართა ნატოს სტატუსით. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი სწავლებები კიდევ უფრო ღრმავდება, დიდ მასშტაბებს იძენს და ინტენსიურად ტარდება“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit“ საქართველოში ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველო ერთი წლის შემდეგ კვლავ უმასპინძლებს.