ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტს ესტუმრა. უმაღლეს ამერიკულ სამხედრო სასწავლებელში ანა დოლიძე საქართველოს სამხედრო ატაშესთან, პოლკოვნიკ ვეფხვია ჩალაბაშვილთან და აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ქართულმა დელეგაციამ ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მაიორ პადილასთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ანა დოლიძემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის, კერძოდ კი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ გიორგი შენგელიასაც შეხვდა, რომელიც ამჟამად აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში სწავლობს.