კიბერუსაფრთხოების ბიუროს „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ ესტუმრა. ლეგიონის წევრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრია გოცირიძემ საქართველოს კიბერსაფრთხეების, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ფუნქციების, სამომავლო გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ანდრია გოცირიძე ახალგაზრდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივაზეც ესაუბრა, რომლის თანახმადაც საქართველოში კიბერრეზერვის შექმნა იგეგმება.
„საუბარი გვქონდა პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში კიბერუსაფრთხოების ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე შევეხეთ სარეზერვო სისტემაში კიბერელემენტის შეტანას, რომელიც ითვალისწინებს კიბერრეზერვის ჩამოყალიბებას და, ამ მხრივ, ქვეყნის კიბერთავდაცვის, კიბერუსაფრთხოების, როგორც საერთო პასუხისმგებლობის წარმოჩენას და ნაბიჯების გადადგმას კიბერშესაძლებლობების განვითარების მიზნით“,- განაცხადა ანდრია გოცირიძემ.
კიბერუსაფრთხოება ნატოს უელსის სამიტზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დასახელდა. კიბერთავდაცვა ნატოს ერთიანი თავდაცვის განუყოფელი ნაწილია. საქართველო, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის მსურველი ქვეყანა აცნობიერებს, რომ პარტნიორებთან ერთობლივი და საიმედო კიბერუსაფრთხოების საწყისი, სწორედ, საკუთარი ქვეყნის კიბერთავდაცვაა;
ბოლო წლების ყველა კონფლიქტი და სამხედრო დაპირისპირება გაჯერებულია კიბერელემენტებით. მათ შორის საქართველო, რომელიც 2008 წელს რუსული კიბერშეტევის სამიზნე გახდა. კიბერრეზერვის ინსტიტუტის შექმნა და მისი რეგულარული განვითარება ეროვნული უსაფრთხოების გარემოს დაცვის პროცესს სრულყოფს;
კიბერრეზერვის სისტემა და კიბერრეზერვისტები, როგორც თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრირებული კიბერდანაყოფი, ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთო თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას;
კიბერრეზერვის ინსტიტუტის შექმნა ადეკვატური პასუხია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღევანდელი მსოფლიო ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ დადგა;
საქართველო იზიარებს ნატოს მიდგომებს და აძლიერებს კიბერშესაძლებლობებს. ალიანსთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის პირობებში საქართველო შეძლებს წვლილი შეიტანოს საერთო კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ სფეროშიც პარტნიორი ქვეყნების საიმედო მოკავშირე გახდება.