იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იაპონიის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. აკადემიის პრეზიდენტმა რიოსეი კოკუბუნმა ქართულ დელეგაციას სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია და სასწავლო პროგრამები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრმა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ კი იაპონიის თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო განათლების რეფორმებისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო განათლება შესაძლოა საქართველო-იაპონიის ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულება აღმოჩნდეს. „დღეს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებზე სამუშაო ფორმატში ვიმსჯელებთ, განათლებაც ამ მემორანდუმის ერთ-ერთი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ მალე რეალობად იქცევა ქართველი სტუდენტები აქ, ამ შენობაში თავის იაპონელ კადეტ კოლეგებთან ერთად. გამოცდილების გაზიარებისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია გავეცნოთ თუ როგორ მუშაობს ეს დაწესებულება, რაც ჩვენი თავდაცვის აკადემიის მიერ უფრო მეტი წარმატებული პროგრამის განხორციელებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტმა რიოსეი კოკუბუნმა: „ჩემთვის დიდი პატივია საქართველოდან მნიშვნელოვანი და გამორჩეული სტუმრების მასპინძლობა. შეხვედრაზე საქართველოსთან გაცვლითი პროგრამის შესახებ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყანა ჩვენთვის სრულიად ახალი პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვექნება. სამომავლოდ, შესაძლოა თქვენს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან გაცვლითი პროგრამები დავნერგოთ. ვიცით, რომ ძალიან კარგი სამხედრო სასწავლებლები გაქვთ და იმედია ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და კადეტების სასწავლო მომზადების პროცესზე პრეზენტაცია გაუკეთეს.
იაპონიაში ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები იაპონიის პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარესთან სეიგო კიტამურასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან მიკი იამადასთან და იაპონიის პარლამენტის წევრთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან იურიკო კოიკესთან.