ENG / RUS       12+

მოსამართლე ურთმელიძემ „ხალავში & კომპანია“ „ხიშტზე დასვა“

„რუსთავი-2“ - ის გარშემო მიმდინარე დავა სულ უფრო ემსგავსება ჭადრაკის პარტიას. ოღონდ ისეთს, რომელსაც ამ გენიალურობამდე რაფინირებული თამაშისათვის უკადრისი, ერთი ძალიან ძველი და იმ დროს მეტად გახმაურებული კარიკატურა შეესაბამება: როდესაც, 1917 წელს,  რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა (გადააყენეს), პეტერბურგის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა ასეთი ნახატი გამოაქვეყნა მისი შესაძლო მემკვიდრეებისათვის: სამეფო ტახტიდან უზარმაზარი რუსული ხიშტია ამოშვერილი: „ვის გსურთ სამეფო ტახტზე დაბრძანება?!“

დვალი-აქიმიძე-საყევარიშვილის პრეს-კონფერენციამ სწორედ ეს კარიკატურა გამახსენა. ქიბარ ხალვაში ამ დროს უკვე გერმანიაშია - იგი მეორე დღესვე გაფრინდა თბილისიდან მას შემდეგ, რაც (მისი ჭკუით) დიდ გამარჯვებას მაიღწია და მოსამართლე ურთმელიძეს ტელევიზიის დროებით მმართველებად დათო დვალი და რეზო საყევარლიშვილი დაანიშნინა. როგორც ჩანს, ეგონა, საქმე გაკეთებული და გადაწყვეტილი იყო. იმას კი ვერ მიხვდა, რა შარში გაჰყო თავი.

ხსენებულ  პრეს-კონფერენციაზე, დვალი-აქიმიძე-საყევარიშვილის ტრიომ, ერთი შეხედვით უცნაური განცხადება გააკეთა: „დროებით მმართველებად კი  დაგვნიშნა (ხალვაშის მოთხოვნით) მოსამართლე ურთმელიძემ, მაგრამ ჩვენი მოვალეობის შესასრულებლად ზაალ უდუმაშვილს ვნიშნავთო“.

ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რათა ტელეკომპანიას ყველა ის ვალდებულება შეესრულებინა, რასაც ნებისმიერი, საქართველოში რეგისტრირებული საწარმო ასრულებს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, როგორც კი საყევარიშვილი და დვალი დროებით მმართველებად დაინიშნენ, მთელი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ საგადასახადო ვალდებულებების, არამედ საწარმოს ქონების დაცვის, შენარჩუნების, მართვისა და განკარგვისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ მათ ეკისრებათ!

ვინ არის დღეს იურიდიულად ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში? ფორმალურად  აღარც არავინ! არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა  მას აღარ ეკისრება. ამიტომ, თუ, მაგალითად, „რუსთავი-2“ 16 ნოემბერს (როგორც ეს განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობით), საგადასახადო ორგანოებს არ წარუდგენს შესაბამის დოკუმენტებს, მთელი პასუხისმგებლობა, შემდგომ აქედან გამომდინარე საურავები და ა.შ, დაეკისრება არა ნიკა გვარამიას, არამედ დვალსა და საყევარიშვილს!

არადა, როგორ უნდა შეასრულონ მათ ეს ვალდებულებები, თუკი რეალურად ვერ შედიან ტელეკომპანიაში, ვერ ეცნობიან ფინანსურ დოკუმენტაციას და ვერ აკონტროლებენ იმას, რაც იქ ხდება?

რამე რომ დაიკარგოს „რუსთავი-2“ -ის აპარატურიდან, ვინ აგებს პასუხს - ნიკა გვარამია? როგორ გეკადრებათ! მას შემდეგ, რაც მოსამართლე ურთმელიძემ დროებითი მმართველი დანიშნა, სულ რომ გაიზიდოს ქონება ტელევიზიიდან, ან ვინმემ დაამტვრიოს, ნიკა გვარამია იტყვის:  „მე რა შუაში ვარ, იმ დროს საერთოდ არ ვიყავი ტელევიზიაში (მიდი და უმტკიცე) - თქვენ ბრძანდებოდით, ბატონებო, დროებითი მმართველიც და აღმასრულებლებიც, კეთილი გენებათ და დაგეცვათ ტელევიზია ზარალისაგან!“

საქმეც ესაა, რომ დვალი-საყევარიშვილი ვერაფერსაც ვერ უზრუნველჰყოფდნენ - ვერც დოკუმენტების წარდგენას, ვერც ქონების მართვას - მანამ, სანამ რეალურად (!) არ აკონტროლებენ სიტუაციას ტელევიზიაში, ანუ იმ საწარმოში, რომლის დროებით მმართველადაც ისინი ურთმელიძემ დანიშნა.

მოსამართლე სულაც არ იყო ვალდებული, ქიბარ ხალვაშისა და „ტრიადასთვის“ აეხსნა: „რა სისულელეს სჩადიხართ, სანამ ტელევიზიაში რეალურად ვერ შესულხართ, დროებით მმართველს რატომ მანიშნინებთ, ასეთ შემთხვევაში ხომ უკვე მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, სიტუაციას კი რეალურად იქ სხვა აკონტროლებსო?!“.

მაგრამ ქიბარ ხალვაშის გარემოცვაში არ აღმოჩნდა ერთი გონიერი ადამიანი, ვინც ამ  რჩევას მისცემდა გათამამებულ ბიზნესმენს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სულ სხვა საქმე იქნებოდა, დროებითი მმართველის დანიშვნის შემდეგ დვალი და საყევარიშვილი რეალურად რომ შესულიყვნენ ტელევიზიაში, მიეღოთ დოკუმენტაცია, აღეწერათ ქონება და გაეპანღურებინათ იქედან წინა მენეჯმენტი. მაგრამ ამისთვის სპეცდანის ამოქმედება და ძალის გამოყენებაა საჭირო, რაც ხელისუფლებას პოლიტიკურად არ აწყობს.

(აქვე: სულ მალე მოვისმენთ, როგორ გალანძღავენ, მათი თქმით,  „უუნარო და მთხლე“ ხელისუფლებას დვალი-აქიმიძე იმისათვის, რომ მთავრობას „არ ჰყოფნის შნო, აღასრულოს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება“)

დასავლეთის შიშით, ხელისუფლება იმასაც კი ვერ ბედავს, თუნდაც სიმბოლურად გააგზავნოს იქ „ეროვნული აღსრულების ბიუროს“  რომელიმე სექსულური გოგონა, ვითომდაც  სცადოს ტელევიზიაში ახალი მმართველების შეყვანა და ამით დააფიქსიროს, რომ ნიკა გვარამიამ მას წინააღმდეგობა გაუწია.

მაშინ კიდევ შეიძლებოდა გვარამიას დადანაშაულება, ვთქვათ, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზებაში. თუმცა, გვარამია საკმარისად ეშმაკია, ამ პროცესში საერთოდ არ გამოჩნდეს - წინააღმდეგობის გამწევნი კი ნაციონალი დეპუტატები და უბრალო მოქალაქეები იქნებიან. ესე იგი, ხელისუფლება „ვაის“ გაეყრება და „ვუის“ შეეყრება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამას რომ მიხვდნენ დვალი და საყევარიშვილი (ოღონდ ძალიან გვიან მიხვდნენ), ზაალ უდუმაშვილს, ფაქტიურად კი იმავე ნიკა გვარამიას, შესთავაზეს: „მოდი ჩვენი გასაკეთებელი რაცაა, თქვენ გააკეთეთ, რომ კომპანიას ზიანი არ მიადგეს და ვალები ჩვენ არ დაგვაწვეს, როცა ტელევიზიიდან რეალურად გაგყრით და ჩვენ შემოვალთო“.

ამით უბრალოდ კომიკურ ვითარებაში ჩაიგდეს თავი: „ბებიათქვენისამ“, დროებითი მმართველები თქვენ იყოთ, საქმეს რეალურად ვერ აკეთებდეთ და ჩვენ (ვის გაყრასაც ლამობთ), „რატომღაც“ დაგეხმაროთ და საქმე გაგიადვილოთო.

ვიმეორებ: დვალი-საყევარიშვილი, როგორც იურიდიულად სრულუფლებიანი დროებითი მმართველები, რეალურად რომ შედიოდნენ ტელევიზიაში, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ რომ ვერ შედიან? ერთის მხრივ ვერ შედიან და მთელი პასუხისმგებლობა კი მაინც მათ ეკისრებათ!

თანაც, მოსამართლე ურთმელიძის ბრალი ნამდვილად არაა: სთხოვეს „დროებითი მმართველი დანიშნეო“ და მანაც დანიშნა!  არ ეთხოვათ, დალოდებოდნენ ეს დალოცვილები ზემდგომი სააპელაციო ინსტანციების გადაწყვეტილებას და, ამასობაში,  ყველა იურიდიული საკითხი (საგადასახადოს ჩათვლით)  ისევ გვარამია-უდუმაშვილის გასაკეთებელი იქნებოდა, რაკი ისინი ჩაითვლებოდნენ,  კვლავინდებურად, ტელევიზიის მმართველებად.

ზაალ უდუმაშვილს რომ უთხრეს: „ხომ იცი, შენნაირ „სახეს“ კიდევ სად ვიშოვით - გვარამიას გავაგდებთ და შენ დაგვტოვებთ, ოღონდ კი დაგვეხმარე ეს ვალდებულებები ჩვენს მანდ არყოფნაში შესრულდესო“ კიდევ მეტი სიბრიყვე იყო:  ჯერ ერთი, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, უდუმაშვილი ამას ვერ შეძლებდა, რომც დათანხმებოდა, მაშინ მასაც გააგდებდნენ ტელევიზიიდან „ნაციონალები“ და არც რაიმე რეზონი ჰქონდა, მტრის ბანაკში გადასულიყო, როდესაც ქიბარ ხალვაში წინასწარ აკეთებს მორიგ „ბრძნულ განცხადებებს“:  „წამყვან ჟურნალისტებს იმის მეათედი ხელფასიც აღარ ექნებათ, რასაც ყარამანიშვილები უხდიდნენო“.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამგვარად, ყველაფერი დაიყვანება ისევ და ისევ ტელევიზიის რეალურ კონტროლზე: სანამ   „რუსთავი-2“-ს რეალურად (!) აკონტროლებს  მიშა და მისი გუნდი, ხოლო ხელისუფლება, პოლიტიკური მოსაზრებებით, ვერ ბედავს სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულოს ანუ ტელევიზიაში დროებითი მმართველების შესვლა უზრუნველყოს, მანამ სასამართლოსათვის ამგვარი თხოვნით მიმართვა იმდენად კატასტროფული შეცდომა იყო, ძალაუნებურად შეგეპარება ეჭვი ამ ადამიანთა ინტელექტუალურ უნარში, მართონ ეს ტელევიზია მომავალში და შეუნარჩუნონ მას თუნდაც ის რეიტინგი, რაც ამჟამინდელმა, ძალიან ნიჭიერმა მენეჯმენტმა მოუპოვა.

არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა (საქართველოს ჩათვლით) არ უშვებს და არ სცნობს სიტუაციას, როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ხელისუფლებას, პოლიტიკური მოსაზრებებით, არ გააჩნია უნარი ეს გადაწყვეტილება რეალურად აღასრულოს! ანუ, ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველები შეიყვანოს საწარმოში. არა აქვს მნიშვნელობა - ტელევიზიაა ეს საწარმო თუ სახინკლე. 

კანონი ამ სხვაობას არ სცნობს, რადგან როგორც კი დაუშვებს, ის სახელმწიფო აუცილებლად დაინგრევა! ამიტომაც ამბობდნენ ლათინები: „ქვეყანა რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს!“

ისევ და ისევ: ნიკა გვარამია, ზაალ უდუმაშვილი და დღევანდელი მენეჯმენტის სხვა წევრები, არა იურიდიულად, მაგრამ რეალურად (!) აკონტროლებენ სიტუაციას ტელევიზიაში, ანუ ფლობენ იქ ძალაუფლებას! ხელისუფლება და ძალაუფლება იდენტური ცნებები არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ ჩამოერთვათ ხელისუფლება, ანუ იურიდიული პასუხისმგებლობა. სანამ სახელმწიფოს (პოლიტიკური მოსაზრებებით) ეშინია იქ აღადგინოს „სუვერენიტეტი“, ანუ ძალაუფლებისა და ხელისუფლების განუყოფელი ერთობა, დროებითი მმართველები და ახალი მფლობელები (ხალვაში, დვალი, აქიმიძე) საკუთარი ნებით, მათი სულსწრაფობიდან და არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, დასხდნენ იმ „ტახტზე“, რომელზეც  ახლა, ალბათ. არც თუ კომფორტულად გრძნობენ  თავს.

სწორედ ამიტომ,  თუ არ ჰქონდათ . . . . შნო  ტელევიზიაში რეალურად შესულიყვნენ, მაშინ დროებითი მმართველი საერთოდ  არ უნდა დაენიშნათ, რადგან იმის იმედად ყოფნა, რომ მათ გასაკეთებელს ახლა „რატომღაც“ ნიკა გვარამია შეასრულებდა, საგადასახადო დეკლარაციებს მათ ნაცვლად შეავსებდა, ბუღალტერიასაც მათ ნაცვლად აწარმოებდა, ან საფინანსო დოკუმენტებს მიართმევდა („დედითქვენის შვილები ხართ, - აბა შემოდით, წაიღეთ) და ქონებასაც მათ ნაცვლად მართავდა, ანუ საბოლოო ამოცანას გაუადვილებდა, - ძალიან რბილად თუ ვიტყვით, მეტისმეტად დიდი გულუბრყვილობა აღმოჩნდა.

„ჯი-ეიჩ-ენი“, მიხეილ გეწაძე

 

ავტორი: . .