სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ კახეთის რეგიონში 2015 წელს დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მეშვეობით ჩატარებული სამუშაოები შეფასდა. მიმდინარე წლის სეზონის განმავლობაში არსებული შედეგების პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაიმართა. შემაჯამებელი სიტყვიერი ანგარიში სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა წარმოადგინა.
პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სეტყვის საწინააღმდეგო პროექტი „დელტას“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო. ბოლო შეფასებიდან გამომდინარე, ის შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან ეფექტურობა ძალიან მაღალი იყო. მოხარულები ვართ, რომ „დელტა“ წარმატებულ პროექტებს ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დაკვეთით დაიწყო. სისტემის, როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი სსსტც „დელტას“ საწარმოებში დამზადდა. სისტემის შემადგენლობაში შედის: მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი მთელი კახეთის მასშტაბით.
სისტემის პირველი სროლები მიმდინარე წლის 28 მაისს განხორციელდა. მთლიანობაში სეზონზე 1000 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა გასროლილი.
ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში კახეთში 50 სეტყვასაშიში პროცესი განვითარდა, მათგან სისტემამ 47 შემთხვევა სრულიად გაანეიტრალა. საბოლოო შედეგებით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ მიმდინარე წელს 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
სისტემაში გამოყენებული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები მსოფლიო სტანდარტების დაცვით არის დამზადებული - ვერცხლის იოდიდის შემცველ რეაგენტს შეიცავს და ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა.