საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, მათთვის სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბესიკ ლოლაძეს პარლამენტში განსახილველად „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი შეაქვს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო მისიებსა თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საშემოსავლო გადასახადების ვალდებულებისგან გათავისუფლებას.
ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე, დაჭრილ სამხედროებს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ. ეს მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან პირდაპირ კავშირშია. ჯარისკაცები 90 თვის განმავლობაში სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, სამხედროები სამედიცინო კომისიას გაივლიან და მათ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი მიენიჭებათ. ეს კი ავტომატურად გახდება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძველი.
სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა. კანონპროექტის თანახმად დაწესდება საგადასახადო შეღავათი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით დაშავებული სამხედროების მიერ წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი არ დაიბეგრება.