ქალთა მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროცესში, ქალთა ჩართულობა მშვიდობისა და შერიგების პროცესში, ქალი სამხედროების როლი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
თინათინ ხიდაშელი სიტყვით კონფერენციის - „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" მესამე პანელში გამოვიდა, რომლის სახელწოდებაც იყო „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების პოზიტიური ცვლილებებისთვის“.
„როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ანექსიის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რთულია გენდერზე საუბარი. ადამიანების ნაწილი ხშირად გამოთქვამს წუხილს, ამბობენ, რომ ჩვენ გენდერულ თანასწორობაზე გაცილებით მეტი პრობლემა გვაქვს, მაგრამ, თუ არ ვუზრუნველვყოფთ თანასწორობას, უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა კონფერენციაზე და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით თავდაცვის უწყებაში არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. „აბსოლუტური თანასწორობა გვაქვს სამინისტროში. ყოველი მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალია“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. მინისტრმა XII საუკუნის საქართველო გაიხსენა, როდესაც ქვეყანას თამარ მეფე მართავდა და როცა საქართველოში ქალს დედოფლის ნაცვლად მეფის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ კი გენდერული თანასწორობის კუთხით XXI საუკუნეში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა.
თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესსა და უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებაში ქალების როლზე გაამახვილა ყურადღება და მთავარ პრინციპებად თანაბარი უფლებები, თავისუფლებისა და შესაძლებლობების ღირებულებები დაასახელა.
„საქართველოში არიან ქალები, რომლებმაც გამოიარეს აგვისტოს ომი, იმსახურეს ავღანეთში, ისინი არიან მაგალითები საიმისოდ, რომ სიტუაცია შეიცვალოს. გვჯერა, რომ გენდერული ინტეგრაცია აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, აძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების კონტრიბუციას ეროვნული თავდაცვის საქმეში და შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული პარტნიორები ვიყოთ,“ - ამ სიტყვებით დაასრულა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა გენდერულ საკითხზე გამართული კონფერენციის და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან კომენტარშიც ისაუბრა.
„ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი ქართულ სახელმწიფოს. შეიარაღებულ ძალებში ქალების რაოდენობის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. ასევე მოწინავეები ვართ იმ პროგრამებით, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. გვაქვს რამდენიმე ინიციატივაც. მოგეხსენებათ, ქუთაისში არის კადეტების სკოლა, რომელიც ამჟამად ბიჭების სკოლაა. მომავალი წლიდან ვაპირებთ, კადეტების სკოლა გავხსნათ აღმოსავლეთ საქართველოშიც. ის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება გოგონებისა და ბიჭებისთვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
კონფერენციის ფარგლებში სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სპეციალური ფოტოგამოფენა „გენდერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ მოეწყო.