10 ნოემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი დღეს, ვაზიანში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული არტილერისტების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
არტილერისტებს დაბადებისდღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ მიულოცეს. დავით ებრალიძემ არტილერისტებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საზეიმო ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დაბა ვაზიანის I საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ და სპეციალურად ამ დღისთვის ბრიგადაში გამოფენილი სხვადასხვა სახის საარტილერიო ტექნიკა დაათვალიერეს.