საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარინა კალიორანდს შეხვდა. შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" გაიმართა.
„საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის მთავარი თემა პირველი დეკემბრის მინისტერიალი იყო. ქალბატონი მარინა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ის პირადად ჩემი მეგობარიც არის და შეხვედრაც მეგობრულ გარემოში გაიმართა. ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე ვისაუბრეთ, რომლითაც ერთად უნდა მივიდეთ სამიტზე, მინისტერიალსა თუ სხვა ღონისძიებაზე, რომელიც შემდეგი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში გაიმართება. ჩვენი საუბარი, სწორედ, ამ თემებს შეეხო. ანალოგიური იყო ყველა შეხვედრა, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებთან გვქონდა ამ ორი დღის განმავლობაში. ჩვენ კონკრეტულ შედეგებს ველოდებით ყველა ღონისძიებიდან. ყველა საერთაშორისო ფორუმიდან“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინთან. ასევე დაგეგმილია კონფერენციაზე თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლა.