საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრება. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი და იაპონელი კოლეგა გენ ნაკატანი საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველო და იაპონია დაიწყებენ დიალოგს და თანამშრომლობას თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე, მათ შორის შესაძლებელი გახდება ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზება, მონაწილეობა საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება.
სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი იაპონიის თავდაცვის ეროვნულ აკადემიასაც მოინახულებს და შეხვედრას გამართავს აკადემიის პრეზიდენტთან რიოსეი კოკუბუნთან.
ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონიის პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარესთან სეიგო კიტამურასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან მიკი იამადასთან და იაპონიის პარლამენტის წევრთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან იურიკო კოიკესთან.
ოფიციალური ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი იაპონიის თავდაცვითი ძალების საჩვენებელ გამოსვლას დაესწრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 14 ნოემბერს დასრულდება.