საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის საზღვაო აკადემიას ესტუმრა. აკადემიაში მასთან ერთად საქართველოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი და ამერიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.
ანა დოლიძე ვიზიტის ფარგლებში საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელს ადმირალ ვოლტერ კარტერს შეხვდა. ადმირალმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ანა დოლიძემ, თავის მხრივ, ქართველი კადეტების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის საზღვაო აკადემიის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე ამერიკაში მყოფ ქართველ კადეტებს შეხვდა, კადეტებსა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად ისადილა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
„სწორედ ასეთი, დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები უნდა იყვნენ რეფორმირებული ქართული შეიარაღებული ძალების და, ზოგადად, სახელმწიფოს განვითარების სულის ჩამდგმელნი და მთავარი დასაყრდენი ძალა. საქართველოს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთი თაობების შექმნას, სახელმწიფო სამსახურში ინტეგრაციას და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენებას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.