ENG / RUS       12+

მანანა კობახიძე: სამართალი აუცილებლად მოვა, მაგრამ შეიძლება დაიგვიანოს

რესპოდენტის შესახებ

 „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ამომრჩეველს სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, საზოგადოებას საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ურჩევს. მთავარ პროკურატურასა და სასამართლოში სარჩელების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ქვეყანაში კი, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ურმით მიდის.

რას ფიქრობს ხელისუფლება საკუთარი დანაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, ამის თაობზე „ჯი-ეჩ-ენი“ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ესაუბრა: 

- საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხელისუფლებამ  არჩევნების შედეგებით, რა გზავნილი მიიღო?

- არჩევნების შედეგებმა ის დაგვანახა, რომ ხელისუფლებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი ძალიან ბევრი რაღაც აქვს. ამომრჩეველთან სწორად თუნდაც ის უნდა მივიტანოთ, რაც უკვე გაკეთდა. ამასთანავე, ის პრობლემები უნდა გადავჭრათ, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრი რაღაც გაკეთდა. განსაკუთრებულ აქცენტს კახეთის რეგიონზე ვაკეთებ, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელსაც ამ დარგში ვახორციელებთ. გლეხს უფასო ხვნა-თესვის პროგრამამ ძალიან დიდი შეღავათი მისცა. ქართული ჯანდაცვის მსგავსი უნიკალური პროგრამა ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება... ბევრი რამ გაკეთდა და ეს ყველაფერი საგარეჯოს მოსახლეობამაც დაინახა.

- თქვენ ახსენეთ, „გაკეთებული საქმე მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთო“.  თქვენს მსგავსად, თქვენი თანაგუნდელები ამ ფრაზას ხშირად ამბობენ და ხელს რა გიშლით, რომ მოსახლეობას გაკეთებული საქმე გააცნოთ? ამჩნევთ, რომ პიარის პრობლემა გაქვთ?

- აქ საუბარი მხოლოდ პიარზე არ არის. ზოგჯერ, ადამიანმა არ იცის, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია. ანუ, მათთან ინფორმაცია მისული არ არის, რა ეკუთვნით და რა  - არა. პიარში იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ხელისუფლება რა პროექტებს ახორციელებს და თავად რა სარგებელს მიიღებს. ორიენტირებული არ უნდა ვიყოთ, ნაციონალების წარსულსა და კრიტიკაზე. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, მომავალ ოთხ წელიწადში, ამომრჩეველს რას ვთავაზობთ.

- თქვენ არჩევნების მოგებაზე აქცენტირებთ, თამარ ხიდაშელმა კი, ირმა ინაშვილს დაახლოებით 500 ხმით აჯობა, რომელიც პრორუსულ ძალად მოიაზრება. ვერ ამჩნევთ, რომ ქვეყანაში პრორუსული განწყობები მატულობს და ხელისუფლებას უფრო მეტი სიფრთხილე და გააქტიურება  მართებს?

- როდესაც სხვაობა მცირეა, ეს ყოველთვის კითხვის ნიშნებს აჩენს და იმ ხალხის მესმის, ვინც პროტესტი გამოხატა. ქვეყანაში საარჩევნო უფლებები დაცულია და ვინც არჩევნებს არ ენდობა, მან ეს სასამართლოში უნდა გაასაჩივროს. ვინმემ - სასამართლომ და ცესკო-მ კანონდარღვევას ხელი არ უნდა დააფარონ. თუკი საარჩევნო უფლებები ირღვევა და ვინმე ხმას იპარავს ან აყალბებს, იქ პრობლემები ჩნდება და არ გვინდა, რომ ხელისუფლებას ასეთი იარლიყები მიეწეპოს. არ მინდა, რომ ჩვენი კანდიდატის მიმართ, ის ვინც არ უნდა იყოს, რაიმე კითხვის ნიშნები ისმებოდეს. არ გვაწყობს, რომ ხელისუფლების მიმართ კითხვა ისმოდეს - ხომ არ გაყალბდა სადღაც რაიმე. ყველგან ღირსეული მოგება გვინდა. ინაშვილი საკმაოდ სერიოზული კონკურენტი იყო, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობდა და ის ძლიერი იყო, რის გამოც, მან ბევრი ხმა მიიღო. ინაშვილის ამომრჩევლებს „რუსეთუმეობას“ ვერ დავაბრალებ. პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ეს ხალხი რუსეთზე ფიქრში ათენებს და აღამებს. არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმე რუსეთთან ერთად საქართველოს მომავლის შენებას ნატრობდეს. ჩვენი განვითარება დაკავშირებულია ევროპასთან და საქართველოსაც ევროპას ერთად ვხედავ. იარლიყების მიწებებისგან თავს შევიკავებდი.

- თქვენ ამბობთ, რომ ინაშვილი ძლიერი კონკურენტი იყო, რომელსაც ხელისუფლებამ არჩევნები დაახლოებით 500 ხმით მოუგო. შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა გამოუცხადეს, მათ შორის, ნაციონალებმა და „თავისუფალმა დემოკრატებმა“. თუკი თქვენ ინაშვილს არჩევნები 500 ხმით მოუგეთ, არ ფიქრობთ, რომ 2016 წელს, არჩევნების მოგება კიდევ უფრო გაგიჭირდებათ, რადგან პოლიტიკურ ველზე ყველა მოთამაშე იქნება?

- სასიხარულოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციური ძალა არ არის და მათი მითი დაიმსხვრა. მათ შუალედურ არჩევნებში ვერ გაბედეს, რომ კანდიდატები დაესახელებინათ და მათ საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ეს იმას მაფიქრებინებს, რომ მათ არანაირი იმედი არ ჰქონდათ იმისა, რომ მათი კანდიდატი რომელიმე კანდიდატს რაიმე ტიპის კონკურენციას გაუწევდა. ეს პოლიტიკური ძალა დისკრედიტირებულია და მათ პოლიტიკური მხარდაჭერა ხალხში არ აქვთ. მათ მხარდაჭერა საკუთარ ოჯახის წევრებსა და იმ ადამიანებში აქვთ, ვისაც წლების მანძილზე, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე აფინანსებდნენ. ამ ქვეყანაში სააკაშვილს მომავალი არ აქვს და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობასთან ასოცირდება, რომელიც სისხლისღვრაზეა ორიენტირებული.

- თქვენ აქცენტს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აკეთებთ, მაგრამ ამ მარათონში არც სხვა პოლიტიკური პარტიები ჩაერთვნენ. ისინი ერთის მხრივ, ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მოთხოვნით დაუპირისპირდნენ, მეორეს მხრივ, მათ პარტიული თანხები დაზოგეს...

- სამართლიანები ვიყოთ და ვთქვათ, რომ საარჩევნო კოდექსში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა და კიდევ ბევრი რამე შეიცვლება. კოდექსი გაჯანსაღებისკენ მიდის. სამხედრო ნაწილთან რა პრობლემაც დაფიქსირდა, ეს პრობლემა ნამდვილად მაწუხებს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კანონში იმდაგვარად იყო გაწერილი, რომ ფორმალურად, კანონი არ დარღვეულა, მაგრამ კითხვები გააჩინა და კანონში სპეცუბნების გახსნა უნდა ჩასწორდეს. პოლიციელებსა და ჯარისკაცებს პატივს ვცემ, მაგრამ ხელისუფლებამ არჩევნები სპეცუბნების მეშვეობით, მცირე პროცენტით რომ მოიგოს, ეს არასახარბიელო მდგომარეობაში გვაყენებს და ეს ჩვენი მიზანი არ არის. კარგი იქნებოდა, რომ ეს კანონში აქამდე ჩასწორებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალას აღარ წარმოადგენს და კარგია, რომ პასუხისმგებლობის მქონე პარტიები ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ.

 - პასუხისმგებლიან ოპოზიციად ვინ მიგაჩნიათ?

 - ის პარტიები, რომლებიც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ. ვინც ქვეყნის წინაშე თავის თავზე პასუხისმგებლობას იღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხიმგებლო ოპოზიციაა, რომელსაც ქვეყნისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბევრი ზიანი მოიტანეს და როცა ოპოზიციაში არიან, ისევ ქვეყნის დაზარალებას ცდილობენ. რა მოძალადენიც არიან, ყველანი კარგად ვხედავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ცუდი, მძიმე წარსულია, რომელიც ხელისუფლებაში აღარ უნდა დაბრუნდეს.

- თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია, მათ შესახებ ამდენს რატომ საუბრობთ? თქვენ ამბობთ, რომ ეს ძალა დანაშაულებრივია. შეგახსენებთ, რომ თქვენ - მაშინდელ ოპოზიციას ხალხმა ხმა იმიტომ მოგცათ, რომ ნაციონალებს პასუხი საკუთარ შეცდომებზე თუ გადაცდომებზე ეგოთ. ე.წ. სამართლიანობის აღდგენა თქვენი ერთ-ერთი დაპირება იყო და შეასრულეთ?

- რა თქმა უნდა, ყველას პასუხი არ უგია. ალბათ, სამართლიანობის აღდგენა თუ დამკვიდრება არც ერთდღიანი პროცესია და არც ერთი-ორი წლის საქმეა. სამართალი აუცლებლად მოვა, მაგრამ შეიძლება დაიგვიანოს. სამწუხაროდ, შესაძლოა, პროცესები რაღაც ნაწილში გაჭიანურდეს, მაგრამ მერაბიშვილის, ახალაიას, უგულავასა და ვაზაგაშვილების საქმეებზე განაჩენები დადგა, რომელიც წინა ხელისუფლებას თაროზე ჰქონდა შემოდებული. როგორც იქნა, ვაზაგაშვილის საქმეზე მკვლელები მსჯავრდებულის სკამზე ვიხილეთ. ეს გარკვეულწილად, სამართლიანობის აღდგენაა. პროკურატურას თაროებზე ძალიან  ბევრი საქმეა, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს და ხელი არავის უნდა დავაფაროთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულად მიმაჩნია. დიდი რისკებისა და პროვოკაციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხეს, რომ იარაღის გასროლის გარეშე, რეჟიმი მშვიდობიანად შეეცვალათ და ეს 2012 წლის დიდი მიღწევა იყო. დანარჩენი - ქვეყნის განვითარება და პროგრესი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია 2016 წლის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს და იმას შევძლებთ, რომ ჯერ კიდევ რაც შეუსრულებელია, განვახორციელოთ. ნაბიჯები გვაქვს გადასადგელი, რათა ამომრჩეველმა ხმა ისევ მოგვცეს და ეს გამარჯვება ხელშესახები იყოს და არა 500 ხმიანი განსხვავება.

- თქვენ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ჭრილში ყურადღებას სისხლის სამართლის საქმეებზე ამახვილებთ, მაგრამ ეს დანაპირები ადამიანებისთვის წართეული ქონების დაბრუნებასაც გულისხმობდა. ძალიან ბევრი ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ეს პროცესი ურმით მიდის. იმ ადამიანებს რა პასუხს გასცემთ, რომლებსაც ქონების დაბრუნების მოლოდინი ჰქონდათ და ხმაც ამ მიზნით მოგცეს?

- როგორ მოვიქცეთ, ჩვენც ნაცებივით მივაჭრათ, ვინმეს ქონება წავართვათ და თავიდან ასე გადავანაწილოთ? ეს ხომ სწორი არ იქნება?! სასამართლოს გზა არსებობს. ქიბარ ხალვაშმა ჩათვალა, რომ მას ქონება წაართვეს, რომელიც რამდენიმე მილიონი ღირდა და მას ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს. მან ამ ყველაფრის სამართლებრივი გზით დადგენა მოითხოვა, სასამართლოს მიმართა და ეს დიდი ისტერიკის საფუძველი გახდა - ამ ადამიანმა თუ როგორ გაბედა და სასამართლოს როგორ მიმართა. ერთის მხრივ, გვთხოვთ, რომ სამართლიანობა აღდგეს და ამ დროს ადამიანი სასამართლოში დაობს, მაგრამ მეორე მხარე, ჩვენ პრეტენზიებს გვიყენებს, რომ თურმე, მედიას ვებრძვით, ბიზნესს ვატერორებთ. ამ ფონზე, თქვენ პრეტენზიას გვიყენებთ, სამართლიანობა რატომ არ აღდგაო. ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომელსაც სრულიად სამართლიანი პრეტენზია აქვს. ამ ადამიანებმა სასამართლოს გზით თავისი წართმეული ქონება უნდა დაიბრუნონ. ჩემი აზრით, ის რაც ამა თუ იმ ადამიანს იძულებით წაართვეს, სამართალმა უნდა დაუბრუნოს.

- ქიბარ ხალვაშს ქონება უკვე უკან დაუბრუნდა და ამის თაობზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ბევრი ბიზნესმენია. არ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები გააქტიურდებიან და ხელისუფლებას წინ რთული პროცესები ელოდება?

- ვისი უფლებაც დაირღვა, კანონის ჩარჩოებში უფლებების აღდგენას ყველა უნდა ცდილობდეს. სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები არსებობს. „რუსთავი 2“ თვლის, რომ თურმე, რაღაცეები არაკონსტიტუციურია და მას ყველა კანონის საკუთარ თავზე მორგება სურს. თავისით არაფერი დაბრუნდება და ამ ადამიანებმა არსებული კანონები უნდა გამოიყენონ. „ქართული ოცნება“ ვიღაცას იძულებით რაღაცას ვერ წაართმევს და ვერ დააბრუნებს. როცა ქონების წართმევის შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები არსებობს, ამ ყველაფერზე დავა სამართლებრივი გზებით შეიძლება. ის ეპოქა დასრულდა, როცა ხელისუფლება ქონებას შევარდნებით,  იძლებითი წესებითა და ნოტარიუსების მიყვანით იფორმებდა. ეს ბნელი და მძიმე წარსული იყო. ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, რეაბილიტირებულნი რაღაცით ხომ უნდა იყვნენ და მათ სამართლებრივი მისაგებელი ხომ უნდა მიეგოთ? - მათ სასამართლოს უნდა მიმართონ.

- არ ფიქრობთ, რომ მოლოდინი თქვენ გააჩინეთ, რომ როგორც კი, ხელისუფლებაში მოხვიდოდით, ეს ადამიანები წართმეულ ქონებას დაიბრუნებდნენ?

- რანაირად? როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდოდით, ქონება უკან როგორ უნდა დაგვებრუნებინა? მაგალითად, „რუსთავი 2“-ში უნდა შევარდნილიყავით, ეს წილები ყარამანაშვილებისთვის უნდა წაგვერთმია და ხალვაშისთვის უნდა გაგვეფორმებინა? - როგორც ირკვევა, ამ კაცს დავა 2008 წლიდან აქვს. თუკი სასამართლო ამ ადამიანის სამართლიანობას ადგენს, მაშინ უსამართლობა რა არის? სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებენ და ლანძღავენ, ხალვაშმა როგორ გაბედა და სასამართლოს როგორ მიმართაო. ეს ყველაფერი გამაოგნებელია. ადამიანები დავების ბოლომდე მიყვანას ცდილობენ და ამ მიზნით სამართლებრივ გზებს ეძებენ, ამ ფონზე, საზოგადოების ერთი ნაწილი ჩვენ სამართლიანობის აღდგენას გვთხოვს, მეორე ნაწილი კი, ჩვენ ლამის ქვით ჩაქოლვით გვემუქრება. ლომჯარია, გიგაური, საია გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე, ჩვენ თავისუფალ სიტყვას ვანგრევთ და ვებრძვით. ეს ხალხი გამოვიდეს და იმ საზოგადოებას პასუხი გასცეს, რომელიც ხელისუფლებისგან წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. ხელისუფლებამ ქონება სასამართლოს გარეშე, როგორ უნდა დააბრუნოს?

- ალბათ, ამ საკითხზე ოპოზიციაში ყოფნის დროს უნდა გეზრუნათ, როცა დაპირებები გაიცემოდა, რომ მათ  უფლებებს აღადგენდით...

- მხოლოდ სასამართლოს გზით.

- იმდენი საქმე არსებობს, რომ სასამართლო განხილვებს ვერ ასწრებს...

- კანონის ჩარჩოებიდან ხომ ვერ გავალთ? - ეს პროცესი ან სისხლის სამართლის კოდექსით უნდა წარიმართოს, ან სამოქალაქო პროცედურით. პროკურატურაში დიდი დეპარტამენტი შეიქმნა და იმედია, ისინი ფონს გავლენ. ამ ფონზე, ხალხი სასამართლოს საკუთარი ნებით მიმართავს. თუმცა, ჩვენ გვაკრიტიკებენ, ამა თუ იმ ადამიანმა რატომ გაბედა და სარჩელი რატომ შეიტანაო.

- რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, მან თქვენ კოალიციური მუშაობის გააქტიურებისკენ მოგიწოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდა, რომ „ერთი წლის შემდეგ, სხვა ჩაგანაცვლებთ“. მის განწყობას იზიარებთ? რისი თქმა სურდა, სპიკერს?

- ალბათ, მას რისი თქმაც უნდოდა, ის თქვა. გასაკეთებელი ბევრია იმისთვის, რომ არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.

- ახალი სახეების მოზიდვაზე მუშაობა დაწყებული გაქვთ?

- რა თქმა უნდა. კოალიცია ღირსეული კანდიდატებით უნდა წარსდგეს.

- პარლამენტის მომავალ მოწვევაში, არსებული შემადგენლობიდან ბევრი დეპუტატი მოხვდება?

- ვიღაცა იქნება, ვიღაცა  - არა.

- ამ შემადგენლობის არსებობიდან რა დასკვნები გამოიტანეთ -  რა კატეგორიის ადამიანი არ უნდა იყოს თქვენს სიაში? რომელ პროფესიაზე აკეთებთ სწორებას?

- პარლამენტში ყველა პროფესიის ადამიანი გვჭირდება. პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პროფესიები არ არსებობს. კონკრეტულად, სიაში თუ ვინ იქნება, ან არ იქნება, ამაზე უფლებამოსილი არ ვარ რომ ვისაუბრო.

- თუმცა, ამ მოწვევამ აჩვენა, რომ პრობლემები გაქვთ დიპლომატებისა და იურისტების არსებობის თვალსაზრისით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იურისტები ვერ მოიძებნა...

 - პარლამენტში კვალიფიციური იურისტების, დიპლომატებისა და ეკონომისტების ყოფნა მისასალმებელია. ყველას თავისი აზრი და მნიშვნელობა აქვს.

- აღნიშნული საკითხების გარდა, თქვენი აზრი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზეც მაინტერესებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას მხოლოდ იმის გამო არ ცვლის, რომ თქვენ 2016 წლის არჩევნებში, უმრავლესობის მოპოვების იმედი არ გაქვთ. ცნობილია, რომ ცვლილებების თაობაზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პოზიციები ისევ ვერ შეაჯერეთ?

- კოდექსის შეცვლას ხმების ¾  სჭირდება. შეიძლება, ადამიანი ბიზნესიდან მოსული არ იყოს, მაგრამ ფიქრობდეს, რომ ეს მოდელი მისთვის მისაღებია. ბევრი ქვეყანაა, სადაც ეს სისტემა მუშაობს. სამწუხაროდ, საკითხზე კონსესუსი არ გვაქვს. ყურადღებას იმ ადამიანებზე ვამახვილებ, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებიდან გავიდა და არჩევნები ნაციონალების რეჟიმის დროს მოიგო. მითი, რომ თუ ხელისუფლებაში არ ხარ, მაჟორიტაულ მანდატს ვერ მოიპოვებ, დაიმსხვრა.

 - ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად სწორედ „ფულიანი ადამიანების“ დაყანებას გეგმავთ, რის გამოც ამ სისტემის გაუქმების წინააღმდეგ გამოდიხართ...

- არ ვიცი, ქუცნაშვილს, ბესელიას ან მე, რა ფული გვქონდა?! საკითხს იქამდე ნუ დავიყვანთ, რომ მაჟორიტარების შერჩევა ქონების გამო ხდება. თუკი ადამიანი ბიზნესმენია, იქნებ სჯობს, მან ქვეყანას მიხედოს, ვიდრე მას დეპუტატი ერქვას და სხდომებზე არ იაროს.

- თუმცა, პარლამენტში კვორუმის პრობლემას ე.წ. ბიზნესმენი დეპუტატები არ ქმნიან და ისინი უფრო მობილიზებულები არიან...

- საარჩევნო სისტემაზე კონსესუსი ვერ შედგა. ძალიან ბევრი მაჟორიტარი თვლის, რომ ძლიერი კანდიდატია და ამ გზით არჩევნებს მოიგებს.

- ყოფილი ნაციონალები, რომლებიც თქვენს რიგებში გადმოვიდნენ და ფაქტიურად, უმრავლესობა მათი საშუალებით შეინარჩუნეთ, თქვენს საარჩევნო სიაში მოხვდებიან?

- თავის დროზე, ეს მომწონდა თუ არა, უმრავლესობის შენარჩუნებითვის და ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეს ადამიანები ჩვენს რიგებში გადმოვიდნენ. 2016 წლის საარჩევნო სიის შედგენა ძალიან საყურადღებო საქმეა და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ სიაში ყველა კანდიდატი ყველა გამოცდას უნდა უძლებდეს და მათთან დაკავშირებით კითხვა არ  უნდა არსებობდეს. არ მინდა, რომ რომელიმე კანდიდატის გვერდით კითხვა იდგეს - „პორტირების“, თუ სხვა ინტერესების გამო.

- 2012  წლის არჩევნების დროს, თქვენი წარმატება ყოფილი ხელისუფლების შეცდომების გარდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმაც განაპირობა. ვინაიდან, ის პოლიტიკაში არ დარჩა, არ ფიქრობთ, რომ მის გარეშე შედეგის დადება გაგიჭირდებათ?

როგორც ვიცი, ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა -„იმაზე უფრო აქტიური ვიქნები, ვიდრე 2012 წელს ვიყავიო“. ეს კარგია, რადგან მას დიდი ავტორიტეტი აქვს და მისმა აქტივობამ შესაძლოა, კოალიციას შედეგი მოუტანოს. 

- ის საარჩევნო პროცესში, რა სტატუსით ჩაერთვება?

- არ ვიცი, ის ამას რა სტატუსით გადაწყვეტს, მაგრამ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და კანონის ფარგლებში აქტივობის უფლება ყველას აქვს. ის, რომ ივანიშვილი მისსავე დაფუძნებულ მოძრაობას მხარს უჭერს, ეს ფაქტია. მას უდიდესი ავტორიტეტი აქვს მიუხედავად იმისა, მას პარლამენტის ტრიბუნიდან ზოგიერთები რას აღარ აკადრებენ. ქვეყნის წინაშე მისი დამსახურება დიდია და ეს ყველამ კარგად იცის. სიტყვა -  „ქართული ოცნება“, ბევრ რამეს გვავალებს, რის გამოც ბევრი ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომლითაც არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

 

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ნინო ხვადაგიანი

ავტორი: . .