დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში ხსოვნის დღე აღინიშნა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა საელჩოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ებრალიძეს, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს და ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს. ხსოვნის დღეს დაესწრნენ ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებული ელჩები და ატაშეები. მოწვეულ სტუმრებს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სიტყვით მიმართა. მან ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ხსოვნის დღის სიმბოლო წითელი ყაყაჩოა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საელჩოში წითელი ყაყაჩოებით შეკრული სიმბოლური გვირგვინები დაღუპულთა პატივსაცემად მიიტანა, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კი ლადო ასათიანის ლექსი - „კრწანისის ყაყაჩოები“ წაიკითხა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნებში ხსოვნის დღე ყოველი წლის ნოემბრის მეორე კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღეს პირველ მსოფლიო ომსა და შემდეგ არსებულ ყველა კონფლიქტსა თუ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიაგებენ პატივს.