ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა ბაგრამის საავიაციო ბაზის პერიმეტრის პატრულირება განახორციელეს. ქართულმა ქვედანაყოფმა ქვეითი პატრულირება საავიაციო ბაზის ჩრდილო-დასავლეთ სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა.
პატრულირებაში 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირველმა ოცეულმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებისა და ე.წ. მკვდარი ზონის შემოწმება იყო. პატრულირების დროს უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოქტომბრის თვიდან ჩაერთო. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.