საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადას პროფესიონალ მზვერავთა ახალი შემადგენლობა შეემატა. ოთხთვიანი ინტენსიური მომზადება 66-მა სამხედრომ წარმატებით დაასრულა. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ რეინჯერთა მომზადების სკოლის მზვერავის მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი სოფელ მანავში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა.
„მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. შერჩეული ასეულის თითქმის 80%-მა დაამთავრა ეს რთული კურსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ. მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მზვერავებს, ისინი ძალიან რთულ, თუმცა ძალიან საპატიო პროფესიას ირჩევენ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტი, სწორედ, დაზვერვა უნდა იყოს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
კურსის დასრულების ცერემონიალს დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. კურსდამთავრებულებმა ტოპოგრაფიული, საინჟინრო, სამთო, კავშირგაბმულობის, აერომობილური, სამედიცინო, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. სამხედროებს თვითგადარჩენის კურსიც ჩაუტარდათ.
რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.