ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი კევინ ჰელერი საქართველოს გენერალურ შტაბს ეწვია. ბრიტანელი სტუმარი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს შეხვდა.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის სამხედრო პერსპექტივები მიმოიხილა.
„საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი სამოქალაქო და სამხედრო სასწავლებლებში ქართველი მსმენელებისთვის ლექციების წაკითხვაა. ლექციების ძირითადი თემა 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიებაა. ახლახანს შევხვდი საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს. 2008 წლის კონფლიქტის გარდა ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე და მასში რუსეთის როლზე. საქართველოში განვითარებული მოვლენების შედარება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მარტივად შეიძლება“, - განაცხადა კევინ ჰელერმა.
ბრიტანელი პროფესორი საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოწვევით იმყოფება. „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში, კევინ ჰელერმა უკვე გამართა ლექციები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრისა და დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებისთვის.
კევინ ჰელერი ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორია. 2014 წლამდე ის მელბურნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ლექტორი იყო. მას დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ლაიდენის უნივერსიტეტში, ხოლო, ბაკალავრის ხარისხი სტენფორდის სამართლის სკოლაში. პროფესორ ჰელერს აგრეთვე აქვს მინიჭებული მაგისტრის ხარისხი დიუკის უნივერსიტეტსა და სოციალური კვლევის ახალ სკოლაში. კევინ ჰელერს აკადემიური ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს მრავალ სამეცნიერო ჟურნალში. გამოცემული აქვს წიგნები - “ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალი და საერთაშორისო სისხლის სამართლის საწყისები” (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011); “ომის დანაშაულთა სასამართლოების უცნობი ისტორიები” (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013); “შედარებითი სისხლის სამართლის სახელმძღვანელო” (სტენფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011). ამჟამად მუშაობს წიგნზე - საერთაშორისო სისხლის სამართლის გენეალოგია, რომელსაც 2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტი გამოსცემს. კევინ ჰელერის პრაქტიკული გამოცდილებიდან აღსანიშნავია, რომ ის ჩართული იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოლაპარაკებებში აგრესიის დანაშაულის დეფინიციასთან დაკავშირებით, აგრეთვე მუშაობდა „Human Rights Watch“-ის სამართლებრივ მრჩევლად სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და 2008 წლის დეკემბრიდან 2011 წლის თებერვლამდე გახლდათ რადოვან კარაჯიჩის ოფიციალური წარმომადგენელი/ადვოკატი. ის კონსულტაციებს უწევს გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა ჯგუფებს. ამასთან, პროფესორი ჰელერი ბრიუსელში არსებული ორგანიზაციის „Professionals in Humanitarian Assistance and Protection“-ის წამყვანი ტრენერია, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ტრენინგებს მსოფლიო მასშტაბით ატარებს.