ნატოს კვირეულის ფარგლებში, „ნატოს ახალგაზრდული სამიტის“ გამარჯვებულები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ. ახალგაზრდებს სასწავლო ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ქვედანაყოფის ისტორიის, ამოცანების, სტრუქტურისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
თეორიული ნაწილის გაცნობის შემდეგ, სტუდენტებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო ქვედანაყოფის შესაძლებლობებს პირადად გაეცნენ. ახალგაზრდები სიმულაციურ კლასებშიც იმყოფებოდნენ, სადაც რპგ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან და მ-4 ტიპის საიერიშო შაშხანიდან ისროლეს. „კრწანისის“ სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო საარტილერიო სკოლაში სტუმრობა იყო. ახალგაზრდები არტილერისტების მიერ მოწინააღმდეგის განადგურების სიმულაციას დურბინდის საშუალებით დააკვირდნენ და საარტილერიო სასწავლო დანადგარებიდან თვითონაც განახორციელეს სროლები.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სტუმრობა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.
დღესვე გაზეთ „პრაიმტაიმის“ წარმომადგენლებმა „ნატოს ახალგაზრდული სამიტის“ გამარჯვებულებს ავღანეთში, ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ რედაქციის მიერ დაბეჭდილი წიგნი „გმირი“ საჩუქრად გადასცეს.