საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრება „გორგასლიანი“ მიმდინარეობს. ჩემპიონატის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ „ორბში“ ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის ყველა ქვედანაყოფის 60 სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა რვა წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატის მიმდინარეობას პროფესიონალ მსაჯთა გუნდი აკვირდებოდა.
შეჯიბრებაში პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაიკავეს. მეორე ადგილის მფლობელები ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ჯარისკაცები გახდნენ, ხოლო, მესამე ადგილი I ქვეითი ბრიგადის სამხედროებს ერგოთ.
სპორტული შეჯიბრება „გორგასლიანი“ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით იმართება. წელს შეიარაღებული ძალების სპორტული ჩემპიონატი ხუთ სახეობაში ტარდება: ჭადრაკი, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით, შვიდკაცა რაგბი, საბრძოლო მრავალჭიდი და ესტაფეტა სირბილში.
საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს პრიზები და სპეციალური ჯილდო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი 11 დეკემბერს, „გორგასლიანის“ საზეიმო დახურვის ცერემონიალზე გადაეცემათ.