საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი კევინ ჯონ ჰელერი ესტუმრა.
კევინ ჰელერმა სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის და ოცეულის სერჟანტის (შუალედური) კურსის მსმენელებს ლექცია წაუკითხა თემაზე - „არის თუ არა სამხედრო ნივთების სამოქალაქო ნივთებად შენიღბვა მოღალატეობა“. ბრიტანელი პროფესორი მსმენელებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე და ომის კანონებზეც ესაუბრა.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კურსანტები ომიანობის პერიოდში საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და საბრძოლო ვითარების დროს მისაღები და მიუღებელი ქმედებების თემით დაინტერესდნენ.
ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოწვევით იმყოფება. კევინ ჰელერმა უკვე ჩაუტარა ლექციები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს.