ყბადაღებული «მოსამართლე ურთმელიძის» ვერდიქტი, ე.წ. «კეთილსინდისიერ შემძენ» ქიბარ ხალავშისათვის «რუსთავი–2»–ის დაბრუნების შეასხებ, ამ ისტორიის თანამედროვე ეტაპის მხოლოდ დასაწყისია და არა დასასრული. ბატონი ხალვაში ისეთივე «კეთილსინდისიერი შემძენია» ამ ტელეარხისა დამფუძნეებლთაგან 2004 წელს, როგორი «კეთილსინდისიერი შემძენებიც» იყვნენ მისგან, უკვე 2006 წელს, ძმები ყარამანიშვილები.
თუ ბოლომდე თანმიმდევრული იქნება ბატონი ურთმელიძე, მაშინ დათო დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზეც ზუსტად ასეთივე ვერდიქტი უნდა გამოიტანოს!
მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი კორექტივი შეიტანა: ამიერიდან, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლომ, ზოაგდად, ნებისმიერ ქონებრივ დავაზე, მისი ფასი არის ნოლი, რადგან იგი არ აღსრულდება მანამ, სანამ არ დადასტურდება სააპელაციო და უმაღლესი სასამართლოების მიერ.
ეს, თავისთავად სენსაციური ვერდიქტია (მით უმეტეს, თუკი «ბათუმის სასამართლო» საბოლოოდ გააუქმებს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას) და თუ საბანკო სექტორი ამის გამო განგაშს არ ტეხს, ხოლო «ეროვნული ბანკის» პრეზიდენტი ქადაგიძე ეშმაკურად აცხადებს: «ბევრს არაფერს ნიშნავსო», ასე მხოლოდ იმიტომ იქცევიან, რომ «იპოთეკით დაზარალებული» ათასობით მოქალაქე, ვისაც ბინიდან გამოსახლება ემუქრება, ვერ მიხვდეს, რა პერსპექტივებს უხსნის მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, რასაკვირველია, ეხება არა მხოლოდ ხალვაშ–ყარამანიშვილების (უფრო ზუსტად, «ოცნება–ნაციონალების»), არამედ საერთოდ ყველა ქონებრივ დავას.
მოპასუხე მახრეს, ამიერიდან, ყველა შემთხვევაში ექნება საშუალება, აღსრულება თვეობით გააჭიანუროს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, კონკრეტულად, «რუსთავი–2»–ის საქმეში პოლიტიკური ასპექტი უფრო საინტერესოა. ძნელი მისახვედრი არ არის: შედგა ბანალური გარიგება, ტაქტიკური კომპრომისი, ხოლო «საკონსტიტუციო სასამართლომ» მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არ აწყობდა ქიბარ ხალვაშს, მაგრამ ამ ეტაპზე ხელს აძლევდა არა მხოლოდ ნაციონალებს, არამედ მთავრობასაც!
როდესაც «ბათუმის სასამართლოს» წევრთა ვერდიქტი გამოცხადდა, კადრში ჩანდა მხოლოდ სამი წევრი: მიმდინარე კოლეგიის თავკაცი და ორი ქალბატონი. მაგრამ კადრს მიღმა დარჩა (სპეციალურად დატოვეს) კიდევ ერთი მოსამართლე – მერაბ ტურავა. სწორედ ის ტურავა, რომელიც ანჩხლად აპროტესტებდა გიგი უგულავასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას წინასწარი დაკავების განგრძობითობის შესახებ, მაგრამ «რატომღაც» აზრად არ მოსვლია იმ განაჩენის გაპროტესტება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ თვეობით (განხილვას თვეები დასჭირდება, თუ წლები არა!) შეაჩერა ძალიან მნიშვნელოვანი ნორმა – პირველი ინტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ნებისმიერ ქონებრივ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი იქცა ფარატინა ქაღალდად, რადგან ძნელი წარმოსადგენია სიტუაცია, რომ წაგებულმა მოპასუხემ განაჩენი არ გაასაჩივროს! მაშასადამე, მოსარჩლე რეალურად ვერ დაიბრუნებს ქონებას ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცედურების გარეშე.
ხომ შეეძლო ეს ეთქვა მერაბ ტურავას? ხომ შეეძლო გაეპროტესტებინა, შეეფერხებინა ან დაებლოკა (წარმოებაში მიღებისას დაბლოკვა ბევრად იოლია), მაგრამ არ გააკეთა. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებისგან ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქცია და ზუსტად იცოდა: სინამდვილეში, აღსრულების შეჩერება მთავრობას აწყობდა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილის მთავრობამ თავიდან აიცილა ორი ერთმანეთზე კატასტროფული სცენარი. თანაც ისე, რომ მის რენომეს ზიანი არ მისდგომია: თუ პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, მაგრამ დაუყოვნებელი აღსრულების გარეშე, ეს აღიქმებოდა დაახლოებით ისევე, როგორც «რუსთავი–2»–ის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი, ანუ მიშასა და ნაციონალთა გამარჯვება! ხოლო თუ «დაუყოვნებელი აღსრულების» ვერდიქტი დადგებოდა, მაშინ მთავრობა იძულებული იქნებოდა იგი აღესრულებინა, ანუ შეეყვანა სპეცდანი «რუსთავი–2» –ის ტერიტორიაზე, გადაელახა გააფთრებული ფიზიკური წინააღმდეგობა, ესე იგი გამოეყენებინა ძალა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ აძლევდა ხელს.
მაგრამ თუ არ გამოიყენებდა ძალას და არ აღასრულებდა სასამართლოს განაჩენს, ისევ და ისევ, ამომრჩევლის თვალში წარმოჩინდებოდა, როგორც «სუსტი», «მთხლე» და «მშიშარა».
სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ნამდვილი «მაშველი რგოლი» აღმოჩნდა: ერთის მხრივ, პრინციპული ნაბიჯი უკვე გადაიდგა – ტელეკომპანია ხალვაშას დაუბრუნდა, იგი მთლიანობაში კმაყოფილია, სასაყვედურო ბევრი არაფერი აქვს, ხოლო მთავრობა გამოიყურება, როგორც «გამკეთებელი» და «შემსრულებელი»: «მაინც შეუსრულეს მიშასა და ნაციონალებს».
რაც შეეხება აღსრულებას, ანუ ტელევიზიის რეალურად დაბრუნებას ქიბარ ხალვაშისთვის და ამჟამინდელი მენეჯმენტის (ნიკა გვარამიას) ტელევიზიიდან გაპანღურებას, – გადაიდო უფრო ხელსაყრელი მომენტისთვის. თანაც, გადაიდო ისეთი ფორმით (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით), რომ ეს აღარ გამოიყურება, როგორც მთავრობის სისუსტის გამოვლინება: ხალხის თვალში ხომ, მოსამართლე ურთმელიძეს ხელისუფლება აკოტროლებდა და მისი ნებისმიერი ვერდიქტი მაინც მთავრობას დაეკისრებოდა. საკონსტიტუციო სასამართლო კი, როგორც ყველამ იცის, თითქმის მთლიანად მიშას კადრებითაა დაკომპლექტებული! ამიტომ მის მიერ საკანონმდებლო ნორმის შეჩერება გამოიყურება უფრო როგორც მიშას წარმატება, ვიდრე ოცნების დამარცხება, – მთავრობის სისუსტის, გაუბედავობის, მთხლეობის გამოვლინება: ასეთი შთაბეჭდილება ხალხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ მოსამართლე ურთმელიძე დაადგენდა «დაუყოვნებლივ აღსრულებას», «რუსთავი––2»–ის ეზოში დაიწყებოდა მიტინგები, დაიდგმებოდა კარვები, გაიმართებოდა კონცერტები სლოგანით «თითსაც ვერ დაგვაკარებთ», მთავრობა კი ვერაფერს გაბედავდა.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ნორმის შეჩერება, ესე იგი რეალური ნაბიჯების არგადადგმა ტელევიზიის ქიბარისთვის დასაბრუნებლად, მთავრობისა და მმართველი კოალიციის თვალთახედვით, ნაკლები ბოროტება იყო – იმ რეაქციის გათვალისწინებით, რასაც დასავლეთში გამოიწვევდა «აღსრულების ბიუროსა» და სპეცდანის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შენობაში შეჭრა.
2007 წელს, როდესაც მიშა «იმედში» შეიჭრა, დასავლური რეაქცია იმდენად მძვინვარე აღმოჩნდა, პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო და დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა მთავრობას, დიდხანს გააჭიანუროს აღსრულების პროცესი – ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში . . . ნიკა გვარამიას განცახდებით, მისი მხარეც შეეცდება, არჩევნებამდე გაწელოს საქმე.
როგორი რისკიც არ უნდა იყოს (არჩევნების წაგების თვალსაზრისით) «ოცნებისათვის» ეს გაწელვა, მაინც ნაკლებად ეჩვენებათ - ტელევიზიაში შევარდნის, დარბევის და ძალის გამოყენების შესაძლო ფონზე.
ანუ, მარტივად თუ ვიტყვი, შედგა ინტერესთა თანხვედრა, ბალანსი, პოლიტიკური ეკვილიბრიუმი «ოცნებასა» და «ნაციონალურ მოძრაობას» შორის, რაც პოლიტიკაში აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ამგვარი ტაქტიკური გარიგებების მოწმენი კიდევ ბევრჯერ ვიქნებით.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს, მას ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, რომ რაკი ამდენი წელი იცადა, კიდევ რამდენიმე თვეც მოიცადოს – პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია და არავის გაუუქმებია. უბრალოდ, აღსრულება გადაიდო უფრო ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო მომენტისთვის.
„ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე