საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ქართველ გენერალს ჰოლანდიელმა კოლეგამ, გენერალმა ტომ მიდენდორპმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროში უმაღლეს სამხედრო პირებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ჰოლანდიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმის პროცესში. ჰოლანდიელი ექსპერტები დახმარებას უწევდნენ ქართულ მხარეს რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებისა და დაგეგმვის, პროგრამირებისა და საბიუჯეტო სისტემის განვითარებაში. ქართველმა და ჰოლანდიელმა გენერლებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც დასახეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამედიცინო სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხებს, ასევე, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა დაათვალიერა. ბაზაზე, სპეციალურად სტუმრებისთვის, საჩვენებლი სწავლება გაიმართა. ქართული დელეგაცია ჰოლანდიის სამხედრო აკადემიასაც ესტუმრა და სამხედრო განათლების პროცესს გაეცნო.