საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელჩებს უმასპინძლა. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ექვს ელჩთან თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ეუთოსთან თანამშრომლობა და არსებული პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება "ვენის დოკუმენტისა" და ეუთოს "ღია ცის" ხელშეკრულების გადახედვა. ელჩები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებითა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენით დაინტერესდნენ.
კანადის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის, ამერიკისა და ლატვიის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზეც ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, არსებულ გამოწვევებს და საქართველოს მიმართ წარმოებულ რუსეთის პოლიტიკას.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნატოს ვარშავის სამიტის მიმართ საქართველოში დიდი მოლოდინი არსებობს, თავდაცვის სამინისტრო კი, თავის მხრივ, აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს.
თავდაცვის მინისტრისა და ეუთოს წარმომადგენლების შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო.
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ელჩები საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.