საქართველოს 20 წლამდე რაგბის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება სპეციალური ოპერაციების ძალებში კარანტინის გავლით დაიწყო. ახალგაზრდა მორაგბეებმა სამ დღიანი მენტალური კურსი სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, მუხროვანის ბაზაზე გაიარეს.
სწავლებაში სხვადასხვა სარაგბო კლუბების 46 ახალგაზრდა მოთამაშე იყო ჩართული. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის წვრთნებს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. სწავლების განმავლობაში დავალებებთან ერთად ამინდიც რთულდებოდა.
“აქ იყვნენ ორი სხვადასხვა თაობის რაგბისტები, რომელთაც ერთად არ უთამაშიათ და მსგავს გარემოში არასდროს მოხვედრილან. პირველ დღეს დაფანტულები იყვნენ და ერთმანეთთან ვერ წაუვიდათ მუშაობა. მეორე დღიდან გუნდი მაგრად შეიკრა და ყველა მიხვდა, რომ თუ აქ ერთმანეთისთვის არ იმუშავებენ საერთო საქმე არ აეწყობა. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს რაგბის მოედანზეც, არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე მნიშვნელოვანი. ეს შეკრება და ამ სახის წვრთნა გაძლევს იმის კარგად გააზრების შანს, რომ დაღლილობის ზღვარი არ არსებობს. ეს ორი რამ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაგბის მოედანზე და განსაკუთრების იმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით“ - განაცხადა 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ლადო კინასონიამ.
სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა მორაგბეებმა საკაცეებითა და ტყვია-წამლით სავსე ყუთებით 7 და 12 კილომეტრიანი მარში განახორციელეს. კომპლექსურ ვარჯიშებთან ერთად მორაგბეებს წინაღობათა ბილიკის გადალახვა, მორების და ტომრების თავზევით გადაკიდება, 15 კგ-იანი ტომრების სროლა, წყლით სავსე 200 ლიტრიანი ტევადობის კასრებისა და საბურავების გორაობა უხდებოდათ.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშების გარდა მოთამაშეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი გაიარეს. ასევე გაეცნენ ავტომატური შაშხანა „აკ-74“-ის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს. ღამის განმავლობაში რაგბისტებისთვის მოულოდნელად ეწყობოდა განგაშით ადგომა და აღჭურვილობით მოწყობა.
მენტალური კურსი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიება საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.