ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და მაღალი რანგის სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვასილ ყულჯანიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ავღანეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამხედროს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს რუსთავში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ის სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებიც ავღანეთში ვასილ ყულჯანიშვილთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებდნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის მოძღვარმა მამა გაბრიელმა გარდაცვლილი სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში 22 სექტემბერს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს პატრულირებისას სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა.