საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ახალი პროექტი - „დებატების პროგრამა“ დაიწყო. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალ ლიდერებს დისკუსიის, მჭევრმეტყველებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებაში.
საპილოტო პროექტი „დებატები“, პირველად, ნატოში ინტეგრაციის თემაზე დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრნენ.
„საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის“ თემაზე გამართულ დებატებში აკადემიის სხვადასხვა საფეხურის კურსანტები მონაწილეობდნენ.
იუნკერებით დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ შვიდ განსხვავებულ თემაზე გამართა დისკუსია. თითოეული გუნდი როგორც ინტეგრაციის მომხრე, ისე საწინააღმდეგო პოზიციების დამტკიცებას ცდილობდა. ორი საუკეთესო მოდებატე, საუკეთესო გუნდი და ჟიურის სიმპატია კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ჟიურის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ელენე გოცაძე და დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი რუხაძე იყვნენ.
„საპარლამენტო დებატები“ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განათლების სფეროში გავრცელებული შეჯიბრებაა. დებატები კრიტიკულ აზროვნების განვითარებას, ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და კონკრეტული საკითხის კვლევის უნარებს უწყობს ხელს.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა თემებზე დებატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეგულარულად გაიმართება.