საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი გერმანიის ქალაქ ვისბადენში, აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და პარტნიორობას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი წვრთნები, სწავლებები და გამოცდილების გაზიარება. ასევე, დაგეგმილია აშშ-ის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის დაახლოება საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეით ბრიგადასთან, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ოფიცრებს, მეგობარ ქვედანაყოფში სტაჟირება გაიარონ.
შეხვედრაზე გენერლებმა აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები და 2016 წელს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ დეტალები განიხილეს.