საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გერმანიაში კონფერენციას დაესწრო. ევროპის სახმელეთო ძალების მეთაურთა 23-ე ყოველწლიური კონფერენცია ევროპაში აშშ-ის სარდლობის შტაბ-ბინაში, გერმანიის ქალაქ ვისბადენში ჩატარდა. შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის 30-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ, ევროპის უსაფრთხოების ოპერაციების სამომავლო გეგმები განიხილეს.
კონფერენციას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემები ტრანსატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევებთან ბრძოლის გზები იყო. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, საფრთხეების შემცირების მიზნით, საჭიროა ერთობლივი სამხედრო წვრთნების გააქტიურება, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება და ევროპის საზღვრებთან პარტნიორი ქვეყნების ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ევროპაში მიგრაციის პრობლემაზე.
კონფერენცია 1988 წლიდან ტარდება და ხელს უწყობს ევროპის ქვეყნების სახმელეთო ჯარებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.