გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს პროფესორებმა - გუგული მაღრაძემ და რევაზ ჯორბენაძემ ლექცია წაუკითხეს და კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლის სტრატეგიები და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენების წესები გააცნეს.
გაცვლითი სემინარები და ლექციები, სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და თსუ-ის კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტს შორის ორი წლის წინ გაფორმებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე იმართება. სერჟანტთა ცენტრის მსმენელები უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან საინტერესო სემინარებს სხვადასხვა თემაზე ისმენენ, თავის მხრივ, თსუ-ის სტუდენტები ცენტრის მიერ ორგანიზებულ სიტუაციურ და საჩვენებელ სწავლებებს ესწრებიან, ასევე, ისმენენ ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. ღია ლექცია-სემინარების მონაწილეთა შორის აქტუალურ საკითხებზე დებატებიც იმართება.