საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე „ჰოჰენფელსის“ სამხედრო ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის მონაწილეობით მიმდინარე სწავლებას „Combined Resolve 5“ დაესწრო. აშშ-ის მხარის მიერ ორგანიზებული წვრთნები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ქართული ქვედანაყოფის სწავლების მიმდინარეობას გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ლანდშტულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალსაც ეწვია. ამჟამად, კლინიკაში მკურნალობის კურსს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას დაჭრილი ქართველი სამხედრო, სერჟანტი პაატა როსტობაია გადის. პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ქართველ სამხედროს გაესაუბრა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მოგვიანებით, გენერალური შტაბის წარმომადგენელი სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ჯეიმს ლატერზასაც შეხვდა. მან დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და გაწეული დამხარებისთვის ჰოსპიტლის დირექტორს მადლობა გადაუხადა.