გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ. სერჟანტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სერჟანტებმა შეკითხვები ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, „თავდაცვის შესახებ“ ახალ კანონსა და სამოქალაქო თავდაცვის განვითარების შესახებ დასვეს. კომიტეტის თავმჯდომარემ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და სერჟანტებს თანადგომა აღუთქვა.
მოგვიანებით მსმენელებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და საპარლამენტო სესიასაც დაესწრნენ.
ამჟამად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსს 32 მსმენელი გადის. 17-კვირიანი მომზადების კურსის დასრულების შემდეგ სერჟანტები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში დაბრუნდებიან და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.