საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა უცხო ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა.
ანდრია გოცირიძემ უცხოეთში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლებს ბიუროს საქმიანობა გააცნო და კიბერსივრცის ზოგადი მახასიათებლების, კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციების, ძირითადი გამოწვევებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ახალი მიდგომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ბიუროს დირექტორმა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში გატარებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით კი ატაშეები კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამუშაო პროცესს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.