საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში „სამშვიდობო ოპერაციებში კეთილსინდისიერების ამაღლების საორიენტაციო კურსი“ დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ კურსის ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები, ხოლო მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა.
კურსის მონაწილეები კეთილსინდისიერების ამაღლების და კორუფციასთან ბრძოლის ზოგად ასპექტებს და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამშვიდობო ოპერაციებში კეთილსინდისიერების გამოწვევებს, ნატოსა და გაეროს ანტიკორუფციულ პოლიტიკას. ტრენინგის ფარგლებში შესყიდვების და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში კორუფციის რისკებსა და მათთან ბრძოლის საშუალებებზეც იმსჯელეს.
საორიენტაციო კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარს ბოსნია-ჰერცეგოვინას სამშვიდობო ოპერაციების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ოთხდღიანი სემინარი ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების გუნდის მხარდაჭერით განხორციელდა.