თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით საგანმანათლებლოცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის მოქმედებების შემდგომი მიმოხილვის კონფერენცია გაიმართა.
მონაწილეებმა კონფერენციაზე სწავლების დროს გამოვლენილ დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. თითოეულმა სამსახურმა სპეციალური პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელშიც კონკრეტული ხარვეზები და მიღწევები აისახა. მოქმედების შემდგომ მიმოხილვას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015 უწყებათაშორის წვრთნას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.
სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდებოდა. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფდა. ასევე სრულდებოდა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სცენარები. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები აკვირდებოდნენ.
„დიდგორი 2015-ის“ სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. წვრთნებში აქტიურად მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები.