საინფორმაციო ომებზე, რუსულ პროპაგანდასა და მის სტრატეგიულ შედეგებზე იმსჯელეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, სადაც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. II სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან დოლიძე, ლატვიის სამხედრო აკადემიის ლექტორი ლიუდას ზდანავიჩიუსი, არსენ იაცენიუკის ფონდის - ღია უკრაინის დირექტორი ტარას მიხალნიუკი და ფინეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს და რუსეთის კვლევების პროგრამის დირექტორი არკადი მოშესი. სესიას ჟურნალისტი მირეკ ტოდა უძღვებოდა.
ლევან დოლიძემ ჰიბრიდულ გამოწვევაზე, რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრა. „ვიმსჯელეთ ყველა იმ პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციაზე, რომელიც იზიარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ასევე, ვისაუბრეთ სხვა ნაბიჯებზე - საინფორმაციო კამპანიებსა და ინსტიტუციების გაძლიერებაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მოვახერხოთ ყველა შესაძლო საფრთხის განეიტრალება,“ - განაცხადა მან.
ლიუდას ზდანავიჩიუსმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და რუსული პროპაგანდის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება. „განვიხილეთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტები - ეს შესაძლოა იყოს პროპაგანდის შეზღუდვა ან მასმედიის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოების განათლება. ხშირად საჭიროა გადაწყვეტილების მიმღები პირები უკეთ ინფორმირებულები იყვნენ და კარგად ესმოდეთ ამ საკითხის არსი,“ - განაცხადა ლატვიის სამხედრო აკადემიის ლექტორმა.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საინფორმაციო ომებთან და პროპაგანდასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ინვესტირება და საგამოძიებო ჟურნალისტიკის წახალისება.