„ქართული მხარე მოთმინებით არის სავსე და დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს ღონისძიებებზე საქართველოს მიღწევები ადეკვატურად იქნება შეფასებული”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა რეკომენდაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„ქართული მხარე მოთმინებით არის სავსე და დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს ღონისძიებებზე საქართველოს მიღწევები ადეკვატურად იქნება შეფასებული. ყოველი რეკომენდაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ევროპული დემოკრატიის ქვეყანაა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე დგას.
„ჩვენ მეტის ამბიცია გვაქვს. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ. ჩვენ საშინაო დავალებებს კარგად ვასრულებთ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაგან ადეკვატურ ნაბიჯს ველოდებით“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმი და საქართველოოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება.